ხელისუფლების წარმომადგენლებმა მშენებარე ობიექტები დაათვალიერეს

10 ივნისი, 2020

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები. სოფელ ხაბუმეში N3 საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. სტრატეგიული მნიშვნელობის ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულების მშენებლობის პროცესს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, საქართველოს პარლამენტის წევრი ჯუმბერ იზორია და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად გაეცნენ. სკოლის შენობა ავარიული იყო და მოსწავლეებს უკიდურესად მძიმე პირობებში უხდებოდათ სწავლა ,რის გამოც მოხდა ძველი სკოლის შენობის დემონტაჟი და სასწავლო პროცესი ნაქირავებ კერძო სახლში მიმდინარეობდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით აქ 2021 წლიდან მოსწავლეები სრულიად ახალ , თანამედროვე სტანდარტების სკოლაში გააგრძელებენ სწავლას. შენობა აღიჭურვება ახალი ინვენტარითა და ტექნიკით. დაწესებულება ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. პროექტის ბიუჯეტი 1 214 000 ლარს შეადგენს. სკოლა გათვლილია 60 მოსწავლეზე. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სკოლის ეზო და მინი მოედანი, ასევე, ავტოსადგომი. ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე გაეცნენ ქალაქ ჩხოროწყუში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამშენებლო სამუშაოებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 213 443 ლარს შეადგენს.

გააზიარე