სოფლის მეურნეობა
სოფლის მეურნეობა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი აგრარულ რაიონს წარმოადგენს. სოფლის მეურნეობა მუნიციპალიტეტის ეკონომიკის წამყვანი დარგია. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში დანერგილი სიახლეები ხელს უწყობს პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციას. მუნიციპალიტეტის მაღალ სასოფლო - სამეურნეო პოტენციალს განაპირობებს ისეთი ფაქტორები როგორიცაა - ხელსაყრელი კლიმატი, ჯანსაღი ეკოლოგიურად სუფთა გარემო, სარწყავ სისტემებზე ხელმისაწვდომობა, ნოყიერი ნიადაგი და პროდუქციის წარმოების მრავალწლოვანი ტრადიცია, რაც მუნიციპალიტეტში წარმოებულ პროდუქტს უნიკალურს ხდის.
მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ძირითადი ნაწილი დასაქმებულია სოფლის მეურნეობის სფეროში. მუნიციპალიტეტის ნიადაგი განსაკუთრებულ პირობებს იძლევა თხილის კულტურის ხარისხიანი მოსავლისათვის. ასევე მისდევენ სიმინდისა და სხვადასხვა მარცვლოვანი კულტურების მოყვანას, ეწევიან მესაქონლეობასა და მეფუტკრეობას.
მუნიციპალიტეტში სასოფლო სამეურნეო სავარგულებს 15,594 ჰექტარი უკავია, აქედან 3,882 ჰექტარი სახნავი მიწებია, 6,074 ჰექტარზე მრავალწლოვანი ნარგავებია გაშენებული, 5,638 ჰექტარი საძოვარი მიწებია.
მრავალწლიანი ფართობები შემდეგნაირადაა განაწილებული: ჩაი - 2,697 ჰექტარი, ტუნგო 745 ჰექტარი, კაკლოვანი კულტურები 2,020 ჰექტარი, ვენახი 206 ჰექტარი, ხეხილი და სუბტროპიკული კულტურები 390, ციტრუსი 16 ჰა.
მნიშვნელოვანი ფართობები (მრავალწლიანი ფართობების 54%) უჭირავს ჩაის და ტუნგოს, თუმცა მათი რესურსების მხოლოდ მცირე ნაწილი გამოიყენება. (იხ. დიაგრამა #2.1.)
დიაგრამა #2.1. მრავალწლიანი ფართობების გამოყენება 6,074 ჰა
სახნავი ფართობების 97% (3,680 ჰა) გამოყენებულია სიმინდის წარმოებისათვის. 2014 წლის მონაცემებით მუნიციპალიტეტში წარმოებული იქნა 12,760 ტონა სიმინდი, 360 ტონა კარტოფილი, 1,763 ტონა ბაღჩეულ ბოსტნეული და 55 ტონა პარკოსნები.
დიაგრამა #2.2. სახნავი ფართობების გამოყენება 3,897 ჰა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ნიადაგი განსაკუთრებული პირობებს იძლევა როგორც სიმინდის წარმოების განვითარებისათვის ასევე სხვადასხვა მარცვლოვანი კულტურების მოსაყვანად. სახნავი ფართობების გარკვეული რაოდენობა საჭიროებს გასარწყავიანებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მოსავლიანობის გაზრდას.
მეცხოველეობა - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ოჯახებზე რიცხული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 16,208 სულს შეადგენს. მათ შორის, ფურია 6,214 სული, წველადობის მოცულობა დღე–ღამეში ერთ სულზე 4,3 ლიტრია. მუნიციპალიტეტის 5 სოფელში -
ნაფიჩხოვო, თაია, მუხური, ჭოღასა და კირცხში - ირიცხება მომთაბარე მრავალფეხა რქოსანი პირუტყვი (755 სული), მათ შორის ფურია 240. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 1 სასაკლაო.
წარმოებული პროდუქციიდან სარეალიზაციო დანიშნულება ძირითადად სულგუნს გააჩნია, ოჯახურ პირობებში დამზადებული სულგუნი იყიდება ზუგდიდის ბაზარზე.
მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს მეცხოველეობის განვითარების ცენტრი, რომელიც ჯიშობრივი გადახალისების გზით ცდილობს მაღალპროდუქტიული პირუტყვის რაოდენობის გაზრდას.
მეფრინველეობა - 2015 წლის მონაცემებით მუნიციპალიტეტში 107,672 ფრთა ფრინველია. აქედან, ქათამი არის 101,457 ფრთა, ხოლო ინდაური - 10,849 ფრთა. აღნიშნული ფრინველი თითქმის არ ატარებს საწწარმოო დანიშნულებას და უმეტეს შემთხვევაში პირადი მოხმარებისათვის გამოიყენება
მეფუტკრეობა - მუნიციპალიტეტი ერთ- ერთი უნიკალური ადგილია საქართველოში, სადაც, სოფელ მუხურის ტერიტორიაზე შექმნილი მიკროკლიმატის გამო ქართული რუხი ფუტკრის მეგრული პოპულაცია საუკეთესო თვისებებს ავლენს, აქ გამოყვანილი დედა ფუტკრის მიერ წარმოებული ფუტკარი ხასიათდება მსოფლიოში ყველაზე გრძელი ხორთუმით (7,2მმ) რაც განაპირობებს მის მაღალ შრომისნაყოფიერებას ღალიანობისათვის შეუსაბამო პირობებშიც კი, საბჭოთა პერიოდში აქ არსებული მეფუტკრეობის სადედე მეურნეობა ათასობით დედა ფუტკარს აწარმოებდა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უკეთებდა რეალიზაციას. დღეისათვის მთელი ინფრასტრუქტურა თითქმის მოშლილია და აქ არსებული პოპულაციის გადაშენების საფრთხე რეალურად არსებობს ამ უბანზე სხვადასხვა რეგიონებიდან შემოყვანილი სკების გამო.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ეკონომიკის წამყვანი დარგია სოფლის მეუნეობა, ამასთან განვითარების კარგი პერსპექტივა გააჩნია გადამამუშავებელი საწარმოების მიმართულებას. დღევანდელ პერიოდში ყველაზე მეტად განვითარებულია თხილის წარმოება და შესაბამისად საჭიროა შეიქმნას მისი გადამუშავებელი საწარმო ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისთვის. ასევე ფუნქციონირებს ტუნგოს ზეთის წარმოება.