,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში შეხვედრები დაიწყო
დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ , საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუასთან, სამეგრელო -ზემო სვანეთის მხარეში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე ლაშა გვასალიასთან და სოფლის ხელმძღვანელებთან ერთად, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან კონსულტაციები გამართა. განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტების გამოსავლენად დასახლების საერთო კრება სოფელ ზუმში, ხაბუმესა და მუხურში ჩატარდა. ადგილობრივებმა ღიად ისაუბრეს სოფელში არსებულ საჭიროებებზე. სოფელ ზუმში მოსახლეობამ პრიორიტეტად კულტურის სახლის დარბაზის რეაბილიტაცია, სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა, გარე განათებისა და მოსაცდელის მოწყობა დაასახელა. ხაბუმეში ადგილობრივებმა სოფლის სასაფლაოს შემოღობვა, სანიაღვრე არხის, გარე განათების მოწყობა, სოფლის სასაფლაომდე მისასვლელი და შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია, ხიდ-ბოგირის მშენებლობა-რეაბილიტაცია მოითხოვეს. მუხურში პრიორიტეტად სასაფლაოსა და სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა, სოფლის ცენტრში საპირფარეშოს მოწყობა, ადმინისტრაციული შენობისა და შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხისა და გარე განათების მოწყობა, ლეგახარეს უბანში წისქვილის რეაბილიტაცია დასახელდა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტისთვის ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტებისთვის 446 000 ლარია გამოყოფილი. შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე მერიის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი გია ცირამუა და საინფორმაციო- საკონსულტაციო სამსახურის უფროსი დავით გახარია, რომლებმაც მოსახლეობას კენკროვანი კულტურების პოპულარიზაციაზე, თხილის პლანტაციის მოვლა-მოყვანის თაობაზე და სახელმწიფო პროგრამებზე მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს.