სოფელ მუხურში აგროტურისტული ფესტივალი ჩატარდა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, მუხურის მეფუტკრეობის სამეცნიერო ბაზის ეზოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის აგრო-ტურისტული ფესტივალი გაიმართა. რეგიონის პირველ აგრო ფესტივალში მონაწილეობა ფერმერებმა, მეწარმეებმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონულმა სამმართველოებმა და მუნიციპალურმა საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებმა მიიღეს. ფესტივალში, გაეროს განვითარების პროგრამების, შვეიცარიის განვითარების სააგენტოს, "USAID" პროექტ "ზრდა"-ს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოს და სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. აგროფესტივალის ფარგლებში, სოფელ ლესიჭინეში, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საცდელი მეურნეობის ფილიალის სანერგე მეურნეობა გაიხსნა. სტუმრებმა დაათვალიერეს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მუხურის მეფუტკრეობის სამეცნიერო ბაზა,აგრო ფესტივალის სტუმრებს, ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ თაფლის დაწურივის პროცესს, ცნობილი მეგრული კერძების ელარჯის და გებჟალიას მასტერკლასს დასწრებოდნენ. გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის ფარგლებში გადამზადებული სამეგრელოს რეგიონის სოფლის მეურნეობის დარგობრივ სპეციალისტებს საზეიმო ვითარებაში სერთიფიკატები გადაეცათ. მოეწყო სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროდუქტების გამოფენა -გაყიდვა. აგრო ფესტივალი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა კობა ქანთარიამ, ჩხოროწყუს მერმა დათო გოგუამ,საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. აგრო ფესტივალი ,,კავკასიონის“ კონცერტით დაიხურა. ფესტივალის ორგანიზატორი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია და "ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის" არიან. ფესტივალის მხარდამჭერი, სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია, UNDP, USAID/ZRDA, AFAD, კარტლისი, ბანკი კრისტალი, თხილის მწარმოებელთა ასოციაცია და სავაჭრო-სამრეწველო პალატა არიან.