საქართველოს პირველ პრეზიდენტს დღეს 80 წელი შეუსრულდებოდა

31 მარტი, 2019

დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტი , ეროვნული გმირი , მეცნიერი-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, დისიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ზვიად გამსახურდია 80 წლის გახდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა,საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა, ეროვნულ - განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრები, სხვადასხვა დაწესებულებისა და საზოგადოების წარმომადგენლები სოფელ ჯიხაშკარში იმყოფებოდნენ , მათ ზვიად გამსახურდიას ყოფილი საფლავი გვირგვინით შეამკეს,დაანთეს სანთლები, პატივი მიაგეს პირველი პრეზიდენტის ხსოვნას და მის ღვაწლზე ისაუბრეს. ისტორიული მუზეუმის დირექტორ ნაირა ციმინტიას ორგანიზებით ქალაქ ჩხოროწყუს #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პირველი პრეზიდენტის ყოფილ საფლავთან მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს. ანსამბლ ,,ჩხოროწყუს" წევრებმა პატრიოტულ თემაზე სიმღერები შეასრულეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს ასევე ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრ თემურ სოსელიას საფლავი. 26 მაისს ,ქალაქ ჩხოროწყუში საზეიმოდ გაიხსნება პირველი პრეზიდენტის სახელობის სკვერი,სადაც ზვიად გამსახურდიას ბიუსტი განთავსდება.

გააზიარე