მუხურის ტყე - პარკის განვითარების პროექტის განხილვა

2 ივნისი, 2021

✔დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და მერიის ტურიზმის განყოფილების უფროსი ჯილდა ხუბულია სამეგრელო-ზემო სვანეთში CENN-ის რეგიონალურ კოორდინატორ მაია კოდუასა და უცხოელ და ქართველ ექსპერტებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მუხურის ტყე - პარკის განვითარების პროექტი განიხილეს.

„მუხურის რეგიონული პარკის“ განვითარება მიზნად ისახავს სოფელ მუხურისა და მდინარე ხობისწყლის ხეობის ეკონომიკური პოტენციალის ჰარმონიულ და დინამიურ ათვისებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას - ქვეყნის უნიკალური ბუნებრივი ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების მდგრადი მართვისა და ტყეების მაღალი კონსერვაციული ღირებულების შენარჩუნების გზით.

პროექტი მოიცავს 9000 ჰექტარამდე უნიკალური ტყის ეკოსისტემის მრავალმხრივი შეფასების, კატეგორიზაციის, სტატუსის მინიჭების, ზონირების, მართვის რეჟიმების განსაზღვრის, დაპროექტების, ეკომეგობრული ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნის, მართვისა და მონიტორინგის გრძელვადიან ღონისძიებებს, რომლებიც ერთიანი გეგმის ფარგლებში უნდა განხორციელდეს.

მუხურის ტყე-პარკის განვითარების პროექტი ხორციელდება კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ორგანიზებით და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის” ფარგლებში.

პროექტზე მუშაობა განხორციელდება ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მუხურის ხეობასთან დაკავშირებული ადგილობრივი, რეგიონული, ეროვნული და საერთაშორისო დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.

გააზიარე