მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

19 May, 2021

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქია, მერის მოადგილე ვალერი თოდუა, მერიის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი გია ცირამუა, სოფლის მეურნეობის საინფორმაციო - საკონსულტაციო სამსახურის უფროსი დათო გახარია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსი ნინო ჯომიდავა.

მუნიციპალიტეტის მერმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ჩხოროწყუში უმნიშვნელოვანესი და მასშტაბური პროექტების განხორციელება გრძელდება. შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ გამოცხადდა ტენდერი 8 ადმინისტრაციული ერთეულის ( ლესიჭინე, ლეწურწუმე, ახუთი, კირცხი, ქვედა ჩხოროწყუ, ჭოღა, ხაბუმე, მუხური.) გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებზე.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა და ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ ადმინისტრაციულ ერთულებში დაგეგმილი სამუშაოების დაწყების ვადები. აღინიშნა, რომ სამუშაოები ივნისის თვიდან დაიწყება.

შეხვედრაზე ჩხოროწყუში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილეს. ჯანდაცვის ცენტრის უფროსმა აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტში, ისევე, როგორც მთელს ქვეყანაში ფიქსირდება ინფიცირების შემთხვევების ზრდა. ნინო ჯომიდავამ ხაზი გაუსვა ხალხმრავალი შეკრებების, სოციალური ღონისძიებების აკრძალვისა და COVID-19-ის გავრცელების შენელების პროცესში სოციალური დისტანციის დაცვისა და პირბადის გამოყენების აუცილებლობას, ასევე, აღნიშნა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა.

სოფლის მეურნეობის სამსახურის ხელმძღვანელებმა ისაუბრეს მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობის თაობაზე, ასევე, მერის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდეს მეცხოველე ფერმერების საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიზნით AFAD-ის მიერ ორგანიზებული ტრენინგის ჩატარების შესახებ.

შეხვედრაზე ასევე სხვა მიმდინარე საკითხები განიხილეს.

გააზიარე