ლაშა გახარიას გარდაცვალებიდან 15 წელი გავიდა...
15 წელი გავიდა პოეტ ლაშა გახარიას გარდაცვალებიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს ქალაქ ჩხოროწყუს კულტურის სახლის წინ ,პოეტის ვარსკვლევთან შეიკრიბნენ მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟოროტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, პოეტის მეგობრები, ადგილობრივი პოეტები, სხვადასხვა ორგანიზაციისა და სამსახურის წარმომადგენლები, ქალაქის საჯარო სკოლების მოსწავლები, ლაშა გახარიას პოეზიის თაყვანისმცემლები და პატივი მიაგეს შესანიშნავი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ხსოვნას, დაანთეს სანთლები, ისაუბრეს მის პოეზიაზე. ღონისძიებას უძღვებოდნენ პოეტი კოტე ნაჭყებია და ისტორიული მუზეუმის დირექტორი ნაირა ციმინტია. ლაშა გახარია დაიბადა 1947 წელს, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მუხურში. წერდა ლექსებს როგორც ქართულ ასევე მეგრულ ენაზე. მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1966 წელს ჩხოროწყუს რაიონულ გაზეთში, როდესაც ლაშა მუხურის საშუალო სკოლაში სწავლობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელსაც „მოძღვარ ნათლიასა“ და „ბიბლიას“ ეძახდა. აქ, ალმანახ “პირველ სხილში” აქვეყნებდა ლექსებს, შემდეგ “ახკომსა” და სხვა გაზეთებში. ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას. 2003 წელს გამოვიდა მისი ლექსების პირველი კრებული “მუზის პაუზა”. უკურნებელი სენით დაავადებული პოეტი 2004 წელს გარდაიცვალა.