„ჯუმითი-2014“ პანდემიის პერიოდში შეუფერხებლად მუშაობს

10 ივნისი, 2020

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ,საქართველოს პარლამენტის წევრმა ჯუმბერ იზორიამ , სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ მოადგილეებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად სოფელ ქვედა ჩხოროწყუში დაფნის გადამამუშავებელი საწარმო შპს „ჯუმითი-2014“ დაათვალიერეს. ხელისუფლების წარმომადგენლები საწარმოში პანდემიის პერიოდში მიმდინარე სამუშაო პროცესითა და სამომავლო გეგმებით დაინტერესდნენ. საწარმო შეუფერხებლად, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად მუშაობს. „ჯუმითი-2014“ თანამედროვე მანქანა-დანადგარებითაა აღჭურვილი. აქ 40 -ამდე ადგილობრივია დასაქმებული. საწარმოს ასაშენებლად 1 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. შპს ,,ჯუმითი 2014” „ერთიანი აგროპროექტის“ ბენეფიციარია, საწარმოს მშენებლობისთვის და მანქანა დანადგარების შეძენისთვის გრანტის სახით სახელმწიფოსგან 376 000 ლარი აქვს მიღებული. საწარმო 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებული, ის უკრაინის და ჩინეთის ბაზარზე გადის და წელს 100 ტონაზე მეტი ნედლი დაფნის ფოთლის გადამუშავებას აპირებს.

გააზიარე