დღეიდან ჩხოროწყუს მერიაში, მოქალაქეებისთვის მუნიციპალური სერვისების უფრო ხარისხიანად მიწოდების მიზნით ახალი პროგრამა ამოქმედდა
დღეიდან ჩხოროწყუს მერიაში, მოქალაქეებისთვის მუნიციპალური სერვისების უფრო ხარისხიანად მიწოდების მიზნით ახალი პროგრამა ამოქმედდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს მთავრობის, მსოფლიო ბანკისა (WB) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით, საქართველოს მუნიციპალიტეტებში, მათ შორის ჩხოროწყუში, ერთიანი ელექტრონული სერვისების დანერგვა აქტიურად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტებში ელექტრონული მმართველობის ერთიანი სტანდარტის შექმნა „რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში“ ხორციელდება და ითვალისწინებს საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში ერთიანი ელექტრონული სერვისების დანერგვას,რომელსაც ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“ (MSDA) ახორციელებს. აღნიშნული პროგრამის დანერგვის მიზნით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში განხორციელდა მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეების გადამზადება-დატრენინგება, ტრენინგს უძღვებოდა სერვისების განვითარების სააგენტოს ბიზნეს-ანალიტიკოსი კახა ფუტკარაძე. პროექტის განხორციელების შედეგად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას და სხვა დაინტერესებულ პირებს ექნებათ ოპერატიული და ხარისხიანი მომსახურების მიღების საშუალება. სისტემა ასევე იძლევა ერთი ფანჯრის პრინციპით ერთეული მუნიციპალიტეტის მომსახურების სხვა მუნიციპალიტეტში მიღების შესაძლებლობასაც, რაც გაცილებით ზრდის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ელექტრონული სერვისები ფარავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა: ადმინისტრაციული საქმისწარმოება; სივრცითი მოწყობა, არქიტექტურა და ზედამხედველობა; რეკრეაცია; მთის სტატუსი; კეთილმოწყობა და დასუფთავება; ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი; ქონების მართვა; ჯანდაცვა და სოციალური სერვისები.მუნიციპალიტეტებში ერთიანი ელექტრონული სერვისების დანერგვის პროექტის განხორციელება ემსახურება საქართველოს მთავრობის ამოცანას - შექმნას პირობები თანაბარი რეგიონული განვითარებისათვის. პროექტი უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის ეფექტიანობის, გამჭვირვალეობისა და თვითმმართველობის ხარისხის თვისობრივად ზრდას.