დათო გოგუამ მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

5 April, 2024

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე მერის მოადგილე ვალერი თოდუა,საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე კობა ჯიქია, სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსის მოადგილე ბაჩანა ჟვანია ესწრებოდნენ. ბაჩანა ჟვანიამ მერის წარმომადგენლებს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე ინფორმაცია მიაწოდა. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს მსხვილფეხა ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ცხოველთა დაავადებების მონიტორინგია. შეხვედრაზე ითქვა,რომ ერთი ინდივიდუალური ცხოველის დაავადების შესახებ ინფორმაციის ფლობა ხელს შეუშლის სხვა ცხოველებში დაავადების გავრცელებას და შეამცირებს ბაზარზე დაავადებული ცხოველური პროდუქციის მოხვედრას. ეს, პირველ რიგში, სწორედ მოქალაქეების ინტერესებს ემსახურება და გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს თავად ცხოველების მეპატრონეებისგან. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მოსახლეობამ დოულად უნდა შეასრულოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მითითებები. ბაჩანა ჟვანიამ მერის წარმომადგენლებს გააცნო ასევე მუნიციპალიტეტში დაგეგმილი პროფილაქტიკური ვაქცინაციის შესახებ ინფორმაცია. მისი განცხადებით, მომავალი კვირიდან მუნიციპალიტეტში შინაურ ცხოველებზე: ძაღლსა და კატაზე ცოფის საწინააღმდეგო, ხოლო სოფელ ლესიჭინეში, მსხვილფეხა ცხოველზე ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყება. შეხვედრაზე ასევე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობა განიხილეს. აღინიშნა, რომ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე სტიქიით დაზარალებულ 167-ვე ოჯახს შესაბამისი დახმარება გაეწია. შეხვედრაზე სხვა მიმდინარე საკითხებიც განიხილეს.

 

გააზიარე