დაბა ჩხოროწყუში საავტომობილო ხიდზე მოძრაობა აიკრძალა

18 April, 2018

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ დაბა ჩხოროწყუში, გარახას უბანში, ამორტიზირებული ხიდი დაათვალიერა. უხვი ნალექისა და მდინარე ოჩხომურის ადიდების შედეგად დაბა ჩხოროწყუში, მდინარე ოჩხომურზე, საავტომობილო ხიდის მისასვლელი ჩამოირეცხა, ხიდს გამოცლილი აქვს ბურჯი. აღნიშნული ხიდით დაბა ჩხოროწყუ სოფელ ნაკიანს, მარტვილის მუნიციპალიტეტსა და გარახას უბანს უკავშირდება. ხიდის მწყობრიდან გამოსვლის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობა აიკრძალა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ხიდზე ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისგან. ხიდის აღდგენითი სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.

 

გააზიარე