ჩხოროწყუში დღეს ,,ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში სოციალურ-საგანმანათლებლო მედიაპროექტ "ეტალონის" პროექტის "საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის", ფარგლებში, მუნიციპალიტეტის "ეტალონი" მოსწავლე გამოვლინდა. თამაშს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები, პედაგოგები და ახალგაზრდების გულშემატკივრები ესწრებოდნენ. ინტელექტუალურ შეჯიბრში მონაწილეობას, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 63 მოსწავლე იღებდა. ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება სოფელ კირცხის #2 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ სოსელიამ მოიპოვა და ჩხოროწყუს "ეტალონი" მოსწავლის ტიტულსაც დაეუფლა. მეორე ადგილის მფლობელი გახდა სოფელ ლესიჭინეს მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე ლიკა ხორავა, ხოლო მესამე ადგილზე გავიდა სოფელ ზუმის საჯარო სკოლის მოსწავლე ალექსი თოდუა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელმა მარიამ სოსელიას გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა. დათო გოგუამ აღნიშნა, რომ პირველი, მეორე და მესამე ადგილების მფლობელ მოსწავლეთა საჯარო სკოლებს მუნიციპალიტეტის გამგეობა ფულადი პრიზებით დააჯილდოვებს. კირცხის #2 საჯარო სკოლა 1000, სოფელ ლესიჭინეს მეორე საჯარო სკოლა 700, ხოლო სოფელ ზუმის საჯარო სკოლა 500 ლარს მიიღებს.