„ჩხოროწყუს ეტალონი მოსწავლე“ ვასიკო ბასილაძე გახდა

4 April, 2019

დღეს ქალაქ ჩხოროწყუს #1 საჯარო სკოლის დარბაზში ინტელექტ-ჩემპიონატი „ჩხოროწყუს ეტალონი მოსწავლე“ ჩატარდა, რომელშიც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 19 სკოლის 68 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. "ჩხოროწყუს ეტალონი მოსწავლე“ ზუმის საჯარო სკოლის მოსწავლე ვასიკო ბასილაძე გახდა.(62 ქულა), მეორე ადგილი კირცხის #1 საჯარო სკოლის მოსწავლემ ელგუჯა ჯიქიამ დაიკავა(60 ქულა), მესამე ადგილზე კირცხის#1 სკოლის მოსწავლე გიორგი ჯიქია გავიდა(59 ქულა) . დღევანდელ ჩემპიონატში გამარჯვებულს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ წარმატებები უსურვა და აღნიშნა,რომ ზუმის სკოლას მუნიციპალიტეტის მერიისგან 2000 ლარი გადაეცემა, „ეტალონი მოსწავლე“ ვასიკო ბასილაძე კი ერთი დღით მერის ამპლუას მოირგებს. 2018-2019 სასწავლო წლის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ჩხოროწყუს ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.მან „2017-2018 სასწავლო წლის ჩხოროწყუს ეტალონ მოსწავლეს“, გიორგი კვარაცხელიას სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. მის მშობლიურ ხაბუმეს N3 საჯარო სკოლას - დიპლომი „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ სატელეფონო ჩართვით მონაწილეები გაამხნევა და მათ წარმატებები უსურვა. დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებული საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიებას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა, მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

გააზიარე