დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

1 ნოემბერი, 2023

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ასევე მერის მოადგილე ვალერი თოდუა, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, ეროვნული სატყეო სააგენტოს ჩხოროწყუს სატყეო უბნის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და ,,სოკარ ჯორჯია გაზის“ ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, ტყეკაფის გამოყოფის საკითხი განიხილეს. მუნიციპალიტეტში მუხურის, ნაფიჩხოვიოს, თაიას, ქალაქ ჩხოროწყუს, ნაკიანისა და ახუთის ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე გამოყოფილია ტყეკაფი, სადაც მოსახლეობას შეუძლია საშეშე მასალის მოპოვება.

ასევე, შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში გაზიფიცირებასთან დაკავშირებული საკითხები. აბონენტების ქსელში ჩართვა ეტაპოვრივად ხორციელდება. გრძელდება აბონენტების განცხადებების მიღება.

შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრეს ასევე მიწის სისტემური რეგისტრაციის შესახებ.ამ ეტაპზე მიწის აზომვითი სამუშაოები ლესიჭინეს, ხაბუმეს, მუხურის, ქვედა ჩხოროწყუსა და ქალაქ ჩხოროწყუში მიმდინარეობს.მიწის სისტემური რეგისტრაცია ყველა სოფელში ეტაპობრივად ჩატარდება.

მერმა სამსახურის უფროსებისა და მერის წარმომადგენლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული საჭიროებების თაობაზე.

შეხვედარაზე მერიაში მოქმედი სოციალური პროგრამები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები განიხილეს.

 

გააზიარე