გეოგრაფია და ბუნება

მდებარეობა                  

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ფართობი შეადგენს 619,7 კმ2-ს. მუნიციპალიტეტის ტერიტორია გორაკ-ბორცვიანია, ვრცელდება 200 მეტრიდან 3000 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ძირითადი მდინარეებია ხობისწყალი და ოჩხომური. მდ. ხობისწყალი სათავეს იღებს მყინვარიდან, 154 კმ სიგრძისაა და უერთდება შავ ზღვას. კლიმატი ნოტიო სუბტროპიკულია, ხასიათდება უხვნალექიანობით (1800 მმ), მცენარეთა საფარისათვის დამახასიათებელია ვერტიკალური სარტყლიანობა. აღსანიშნავია ბზის და წაბლის კორომების ფართო გავრცელება, დიდი ფართობი უკაცია წიფელას ტყეს, მდ. ხობისწყლის ზემო წელში ფართოდ არის წარმოდგენილი წიწვოვანი მცენარეები და ალპური ზონა, დამახასიათებელია ენდემური მცენარეების ფართო გავრცელება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს მიგარიის კირქვული მასივი, სადაც უამრავი მღვიმეა წარმოდგენილი. მღვიმეები გამოყენებულია ტურისტული თვალისაზრისით.

ტყეში ბინადრობს დათვი, მგელი, ფოცხვერი, გვხვდება გარეული ღორი, ტურა, მელა და სხვა. მდ. ხობისწყალში ძირითადად ბინადრობს კალმახი. მრავალფეროვანია მუნიციპალიტეტის ტერიტროიაზე გავრცელებული ნიადაგები. ვხვდებით წითელმიწებსა და ყვითელმიწებს, ნეშომპალა-კარბონატულ  და ალუვიურ ნიადაგებს, მცირე რაოდენობით წარმოდგენილია გაეწრებული ნიადაგები. წითელმიწებსა და ყვითელმიწა ნიადაგებზე გავრცელებულია ჩაის კულტურა, ასევე თხილის კულტურა. ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებზე წარმოდგენილია მარცვლული და პარკოსანი კულტურები, ძირითადად სიმინდი, სოიო, ლობიო და სხვა. რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს „ლუგელად“ მინერალური წყალი, რომელსაც ანალოგი არა აქვს მსოფლიო მასშტაბით. იგი თვითონ ქმნის მინელაური წყლების ტიპს და იწოდება „ლუგელას“ ტიპის წყლად. წყალი შეიცავს კალციუმის ქლორიდს, რომლის რაოდენობა აღწევს 45 გრამს ლიტრში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გვხვდება ანდეზიტის საბადო, დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი დოლომიტის საბადო, რომლის კარიერი გახსნილია სოფელ მუხურში. მსოფლიოში ცნობილია მუხურის გრძელხორთუმიანი ფუტკარი, რომელმაც მეფუტკრეთა მსოფლიო კონგრესებზე სამჯერ დაიმსახურა ოქროს მედალი. კომუნისტური მმართველობის წლებში სოფელ მუხურში გამოყვანილი დედა ფუტკარი მსოფლიოს 57 ქვეყანაში იგზავნებოდა. ამჟამად მეფუტკრეობა ერთ-ერთი წამყვანი დარგია მუნიციპალიტეტში და მას დიდი პერსპექტივა აქვს. მუნიციპალიტეტის ნიადაგურ-კლიმატური პირობები ხელსაყრელი აღმოჩნდა კივის კულტურისათვის, განსაკუთრებით თხილის კულტურისათვის. დღეის მდგომარეობით მზადდება 4 ათას ტონამდე თხილი და 100 ტონამდე კივი. დამახასიათებელია თხილის მაღალხარისხოვნობა, რაც მასზე მოთხოვნილებას მნიშვნელოვნად ადიდებს.

მუნიციპალიტეტში არის 1 დაბა და 12 სოფელი. დედაქალაქიდან დაშორებულია 317 კმ-ით, 37 კმ-ის მანძილზე მდებარეობს ქ. სენაკის აეროპორტი, 80 კილომეტრის მანძილზე ქ. ფოთის საზღვაო პორტი, 37 კილომეტრი მანძილზე ქ. ზუგდიდის რკინიგზის სადგური.

ადმინისტრაციული ცენტრი: დაბა ჩხოროწყუ

ფართობი - 619,4 კმ2;
კლიმატი - ნოტიო-სუბტროპიკული;
დაბა - 1;
სოფელი - 12;
მანძილი თბილისამდე - 317 კმ;
მანძილი ზუგდიდამდე - 27 კმ;
უახლოესი პორტი - ქალაქი ფოთი - 80 კმ;
უახლოესი რკინიგზის სადგური - ქალაქი სენაკი - 37 კმ;
უახლოესი აეროპორტი - ქალაქი სენაკი - 37 კმ;
დაბა ჩხოროწყუს მოსახლეობა - 5200;
სოფლის მოსახლეობა - 27462;
მოსახლეობა (დევნილთა ჩათვლით) - 33,931;
 

მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა:

  1. ქართველი - 99,4%;
  2. რუსი - 0,4%;
  3. უკრაინელი - 0,1%;
  4. აფხაზი - 0,1%.

წყლის ძირითადი არტერიები:

  1. მდ. ხობისწყალი, სიგრძე 150 კმ;
  2. მდ. ოჩხომური, სიგრძე 70 კმ.

მუნიციპალიტეტში მინერალური და რეკრეაციული რესურსები:
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორია მდიდარია სხვადასხვა სახის სასარგებლო წიაღისეულით. სოფელ მუხურში დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი დოლომიტის, კირქვისა და ანდეზიტ-ბაზალტის საბადო. ნიადაგის მოსაკირიანებლად გამოიყენება სოფელ თაიას აგრომადნები, ე.წ. ტკილი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოიპოვება საშენი ინერტული მასალები (ქვიშა, ღორღი, ფლეთილი სამშენებლო ქვა). ლუგელას ხეობაში მდებარეობს „ლუგელას“ მინერალური წყლის გამოსასვლელი ადგილი, მინერალური წყალი გამოიყენება სამკურნალო დანიშნულებით.

საკურორტო და ტურიზმის რესურსები:
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორია უნიკალურ პირობებს იძლევა ტურიზმისა და საკურორტო მეუნროების განვითარებისათვის. სოფელი მუხური ბავშვთა კურორტის სახელწოდებით არის ცნობილი, ფუნქციონირებს პანსიონატი 80 ადგილზე, სამეგრელოს მთიანეთში შესაძლებელი სამთო და სპელეოტურიზმის განვითარება.

გააზიარე