დღეს დასრულდა “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები

9 თებერვალი, 2023

 დღეს დასრულდა “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები. მოსახლეობის მიერ პრიორიტეტების შერჩევის მიზნით საკონსულტაციო შეხვედრები და საერთო კრებები დღეს სოფელ ლესიჭინეში, კირცხში, ქვედა ჩხოროწყუსა და ახუთში გაიმართა. შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. სოფლის განვითარების სააგენტოს ჩხოროწყუს საინფორმაციო- საკონსულტაციო ცენტრის მთავარმა სპეციალისტმა დავით გახარიამ მოსახლეობას გააცნო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული სახლმწიფო პროექტები. აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივებმა პრიორიტეტად საუბნო გზების, გარე განათების, სკვერების , სანიაღვრე არხების, წყალმომარაგების სისტემის მოწყობა დაასახელეს.  “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება. მიმდინარე წელს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 446 000 ლარი დაიხარჯება.

გააზიარე