ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დედაენის დღე აღინიშნა

14 April, 2021

დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დღეს კულტურის ცენტრისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაერთიანებასთან არსებულმა წრეებისა და საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ქალაქის #2 საჯარო სკოლის მიმდებარე სკვერში, იაკობ გოგებაშვილის ძეგლთან გამართეს. ღონისძიების მონაწილეებმა ქართული ენის მნიშვნელობის შესახებ პერფომანსი წარმოადგინეს. კიდევ ერთხელ გაიხსენეს 1978 წლის 14 აპრილის მოვლენები, როცა ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლას საპროტესტო დემონსტრაციები მოჰყვა. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო. 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა და პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია. 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

 

გააზიარე