სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით მიმდინარე სამუშაოები

10 ივნისი, 2020

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, საქართველოს პარლამენტის წევრი ჯუმბერ იზორია , სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია მოადგილეებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად სოფელ ნაფიჩხოვოში ჩაის კრეფის პროცესს გაეცნენ. შ.პ.ს. ,,კოლხი 2018“-მა ქართული ჩაის პროგრამის დახმარებით 53 ჰექტარი ჩაის რეაბილიტაცია მოახდინა, კრეფის პროცესში 50 ადგილობრივია დასაქმებული და მათი დღიური ანაზღაურება 35-დან 50 ლარამდეა. ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე იმყოფებოდნენ სოფელ ლესიჭინეში მეღვინეობა ,,ხარებას“ სანერგე მეურნეობაში, სადაც ვაზის კოლხური ჯიშებია მოშენებული და კოლხური ღვინის პოპულარიზაციასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ,,ჩვენ დღეს ვიმყოფებით სოფელ ლესიჭინეში, ეს არის ერთ-ერთი უძველესი კერა მევენახეობის. სასიხარულოა, რომ კომპანია „ხარებამ“ გააშენა ძველი კოლხური ჯიში „ოჯალეში“, კოლხური „საფერე“ და ასევე გაშენებული აქვთ სხვადასხვა ლოკაციებზე ენდემური ჯიშები. მეღვინეობა ერთ-ერთი უძველესი დარგია ჩვენი რეგიონისთვის, მისასალმებელია, რომ სწორედ აქ დაიწყო ამ უძველესი დარგის აღორძინება. მე მინდა ასევე მოვუწოდო ჩვენ თანამოქალაქეებს ვინც დაინტერესებულია მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებით , სამეგრელო ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ამ მხრივ და უფრო მეტი დაინტერესება გამოიჩინონ“ - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა. ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე გაეცნენ მუხურში ხარების საფუტკრე მეურნეობას, რომელიც ბიოთაფლზე მუშაობს.შეხვდნენ მეფუტკრეებს და მათ საწიროებებს გაეცნენ.

გააზიარე