გენდერული პოლიტიკის კვლევის ფარგლებში მერიაში შეხვედრა გაიმართა

27 ივნისი, 2019

საქართველოს სახალხო დამცველი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სახალხო დამცველის აპარატი 2019 წელს გეგმავს განახორციელოს თვითმმართველობის ორგანოების გენდერული პოლიტიკის კვლევა, რაც გულისხმობს მუნიციპალიტეტების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ინიციატივების ანალიზს და მათი გავლენის შეფასებას ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ქალების და მოწყვლადი ჯგუფების კეთილდღეობაზე. აღნიშნული კვლევის ფარგლებში,დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ,მუნიციპალიტეტის მერ დათო გოგუასთან და გენდერული თანასწორობის საბჭოსა და გენდერულ თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელ პირებთან შეხვედრები გამართეს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის თანამშრომლებმა: ანა ლობჟანიძემ (გენდერის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი), სოფიო რუსეცკიმ (გენდერის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი) და გვანცა ხარატიშვილმა (გენდერის დეპარტამენტის იურისტი). მუნიციპალიტეტების გენდერული პოლიტიკის კვლევის მიზანია შეფასდეს, თუ რა ღონისძიებები დაიგეგმა და გახორციელდა თვითმმართველი ორგანოების მხრიდან გენდერული თანასწორობის და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით და პასუხობს თუ არა მათ მიერ დაგეგმილი პოლიტიკა იმ საჭიროებებს, რომელიც სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფს მიკუთვნებულ ქალებს გააჩნიათ. კვლევის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით დაგეგმილი და განხორციელებული პოლიტიკის შეფასებაზე, თუმცა, ვინაიდან ქალთა ეკონომიკური გაძლიერება მჭიდროდაა დაკავშირებული გენდერული თანასწორობის სხვა ასპექტებთანაც, კვლევა ასევე შეეხება ოჯახში ძალადობის, ადრეულ ასაკში ქორწინების, ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების, ქალთა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ჩართულობის და სხვა საკითხებს.

გააზიარე