პროექტის ფარგლებში მერიაში შეხვედრა გაიმართა

4 ივლისი, 2019

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა შეხვედრა პროექტში “გააძლიერე ცვლილებებისათვის - ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ახალგაზრდობის ჩართულობისთვის" ჩართულ საჯარო მოხელეებს და ახალგაზდებს შორის. შეხვედრა გახსნა პროექტის ადგილობრივმა კოორდინატორმა ხათუნა მიქავამ. შეხვედრას ესწრებოდნენ მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ჯიქია, მერიის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელები და თანამშრომლები. გოჩა ჩიქოვანმა ახალგაზრდებს და მერიის თანამშრომლებს გააცნო ამავე პროექტის ფარგლებში ესპანეთში, ქ. ბარსელონაში განხორციელებული სასწავლო ვიზიტის ანგარიში. ასევე ახალგაზრდებმა დამსწრე საზოგადოებას წარმოუდგინეს მათ მიერ ჩატარებული კვლევის ანგარიში ახალგაზრდების საჭიროებათა თემაზე. ახალგაზრდებს მიმართა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა, დათო გოგუამ. მან ხაზი გაუსვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას, მოიწონა ახალგაზრდების აქტიურობა და მხარდაჭერა აღუთქვა მათ. შეგახსენებთ, რომ პროექტი “გააძლიერე ცვლილებებისათვის - ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ახალგაზრდობის ჩართულობისთვის" ხორციელდება მშვიდობისა და განვითარების აკადემიის მიერ ევროპის კომისიის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პროექტი ხორციელდება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიასთან პარტნიორობით. პროექტს ეროვნული პროგრამების დირექტორი მაკა სართანია ხელმძღვანელობს.

გააზიარე