მერის წარმომადგენლებსა და სოფლის დეპუტატებთან შეხვედრა გაიმართა

15 იანვარი, 2019

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა მოადგილეებთან ერთად მერის წარმომადგენლებსა და სოფლის დეპუტატებს შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსი ნინო ჯომიდავა ესწრებოდა, რომელმაც გააკეთა განცხადება მუნიციპალიტეტში და ზოგადად, ქვეყანაში გავრცელებული გრიპის ვირუსის შესახებ. ნინო ჯომიდავას ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში, ამ კუთხით, გართულებული მდგომარეობა არ დაფიქსირებულა, თუმცა გრიპის სეზონთან დაკავშირებით გაზრდილია პაციენტთა მომართვიანობა. უბნისა და სტაციონარის ექიმები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში არის ,,ტამიფლუს" საკმარისი მარაგი. აღნიშნული ანტივირუსული მედიკამენტი, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, უფასოდ 60 მა პაციენტმა უკვე მიიღო. ბენეფიციარები პრეპარატს სააფთიაქო ქსელებში რეცეპტის, ხოლო საოჯახო მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში - ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა #100-ისა და რეცეპტის წარდგენის შემთხვევაში მიიღებენ. შეხვედრაზე განიხილეს ასევე ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“, რომელიც 2019 წლის 1 იანვრიდან ახლებური სახით აღდგა. მოსახლეობის ჩართულობის, სოფლის პრიორიტეტების განსაზღვრისა და შესაბამისი პროექტების შერჩევის მიზნით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავენ. პროგრამისთვის პროექტები შეირჩევა უშუალოდ მოსახლეობის გადაწყვეტილებით დასახლებებში გამართულ საერთო კრებების სხდომებზე, რომელიც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 29 იანვრიდან დაიწყება. შეხვედრაზე 2019 წელს მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებიც განიხილეს.

გააზიარე