ოცინდალეს ეკლესიაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

10 მარტი, 2018

დღეს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ, დირექტორის მოადგილე დავით ლომიტაშვილმა, მამა ალექსანდრემ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ,მერის მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა, კომპანია „მეღვინეობა ხარებას“ , მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურისა და ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა სოფელ თაიაში ოცინდალეს ეკლესიაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და კომპანია „მეღვინეობა ხარებას“ დაფინანსებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფ. თაიაში სრულდება XI საუკუნის ისტორიული ძეგლის ოცინდალეს წმინდა გიორგის ეკლესიის რეაბილიტაციის პროექტი. სარეაბილიტაციო პროცესი ბაზილიკის ტიპის უგუმბათო ნაგებობაზე მინაშენის, ეკლესიის სახურავის, ეკლესიის ეზოში მდებარე კოშკის სახურავისა და გალავნის აღდგენა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ამჟამად მთლიანად დასრულებულია ეკლესიის ეკვდერი. შირიმის ქვით აღდგა კედლების შიდა და გარე წყობები, შიდა თაღები, კამარა, ლავგარდანი; დაფერილი თუნუქის ახალი საფრით მოეწყო ეკვდერის სახურავი; მიმდინარეობს ეკვდერის იატაკის კირქვით მოპირკეთება, ეკლესიის გალავნის აღდგენა-რეაბილიტაცია კირქვითა და პოლიმერ-კირისნ ხსნარით. ასევე დაფერილი თუნუქით მოეწყობა კარიბჭისა და ეკლესიის სახურავი და ეზოში მდებარე კოშკის სახურავი, ჭედური ელემენტებით მოეწყობა ეკლესიის ეკვდერის შესასვლელი რკინის კარი, რომელიც დამზადდა ცენტრალური შესასვლელი რკინის კარის შესაბამისად ,რომელმაც ასწლეულების წინ XI საუკუნის დროინდელი ვაზისაგან დამზადებული მოხარატებული კარი შეცვალა (დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში). ოცინდალეს წმინდა გიორგის ეკლესიის რეაბილიტაციის პროექტს კომპანია „კლდეკარი” ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულებამ 140 000 ლარი შეადგინა. საუკუნეების განმავლობაში ოცინდალეს წმ. გიორგის სახლობის ეკლესია უმიშვნელოვანესი სარწმუნოებრივი ცენტრი იყო, სადაც გიორგობის საეკლესიო დღესასწაულზე მოსახლეობა სამეგრელოს ყველა კუთხიდან იკრიბებოდა. XIX საუკუნეში გამოქვეყნებული მასალის მიხედვით სოფ.თაიაში ტაძარი თამარ მეფეს განუახლებია. XX საუკუნის დასაწყისში ოცინდალეში დედათა მონასტერი ფუნქციონირებდა. XX საუკუნეში ოცინდალეს ეკლესიას , როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის ძეგლს , სახელმწიფო იცავდა. მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე 30-მდე მღვიმეა გამოკვლეული, რომელთაგანერთ-ერთი კავკასიის უდიდეს მღვიმეთა ნუსხაშია შეტანილი. ტაძრის რეაბილიტაცია უკანასკნელად XX საუკუნის 80-იანწლებშიგანხორციელდა, რომლის დროსაც მისი სამრეკლო შეკეთდა. 2012 წელს ოცინდალეს ეკლესიაში, სენაკსა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს კურთხევით, მამათა მონასტერი დაფუძნდა.

გააზიარე