ჩხოროწყუში აზიური ფაროსანას შეწამვლითი სამუშაოები დაიწყო

14 ივნისი, 2017

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას შეწამვლითი სამუშაოები დაიწყო. სოფელ ლესიჭინეში ქიმიური წამლობის მიმდინარეობას დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა, სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ადგილზე გაეცნო. მუნიციპალიტეტში 292 ადგილობრივისგან დაკომპლექტებული 146 შემწავლელი ჯგუფი შეიქმნა. მათი რაოდენობა სოფლების ფართობების მიხედვით განისაზღვრა. შეწამვლითი სამუშაოების განხორციელებისათვის, პრეპარატის უსაფრთხო და ეფექტიანი გამოყენების მიზნით, შესაბამისი სწავლებები ჩაუტარდა იმ პირებს, ვინც ქიმიური წამლობის ღონისძიებებშია ჩართული. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეისყიდა შესაბამისი პრეპარატი და ტექნიკა, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 4 808 ჰა თხილის ფართობი დამუშავდება.

გააზიარე