ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში

11 ივლისი, 2023

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში. სოფელ ლესიჭინესა და ზანას საზღვარზე მეწყერმა ჩამოშალა ჩხოროწყუ-სენაკის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთი, რის გამოც აღნიშნულ გზაზე ავტომობილების მოძრაობა აიკრძალა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა შემოვლითი გზის აღდგენაზე. რამდენიმე საათში გადაადგილება შემოვლითი გზით იქნება შესაძლებელი. უხვი ნალექის შედეგად დატბორილია რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული, სახნავ-სათესი სავარგულები, ქუჩები, ასევე დატბორილია სოფლებისა და ქალაქის ტერიტორიაზე ცალკეული უბნები. სტიქიის ადგილზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და ადგილზე მობილიზებულია ასევე ყველა შესაბამისი სამსახური. ამ ეტაპზე მოსახლეობას არ მიეწოდება სასმელი წყალი. ელექტროენერგია არ მიეწოდება ნაკიანის ადმინისტრაციულ ერთეულს.

 

გააზიარე