შეხვედრა ვენახების ეროვნული კადასტრის პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ

14 ივნისი, 2023

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და მერიის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი გია ცირამუა, სამეგრელოს რეგიონში ვენახების კადასტრის სამმართველოს კოორდინატორ შოთა კერესელიძესა და ვენახების კადასტრის ხელმძღვანელ გიორგი ნემსაძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე ვენახების ეროვნული კადასტრის პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, პროგრამის განხორციელების პროცესში, კომპეტენციის ფარგლებში, ჩართვის სრული მზადყოფნა გამოითქვა. 2023 წელს, პროგრამა იმერეთის, სამეგრელოს და გურიის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელდება, რითაც სრულად მოიცავს საქართველოს მევენახეობის რეგიონებს. აღნიშნული პროგრამის განხორციელება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 19 ივნისიდან, სოფელ ახუთიდან დაიწყება და ეტაპობრივად ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს. ვენახების კადასტრი იქმნება თითოეული ვენახის ნაკვეთის რეგისტრაციით და მოიცავს ვენახში არსებულ ვაზის ჯიშებს, დარგვის თარიღს, ვენახის მდგომარეობას და ა.შ. ინფორმაციის შეკრება ხდება საველე პირობებში, მევენახეების გამოკითხვით და აერო-ფოტოებზე გამოხატული ვენახის ნაკვეთების იდენტიფიკაციით. ვენახების კადასტრი მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების და ხარისხიანი ღვინის წარმოების ხელშეწყობის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. იგი უზრუნველყოფს რთველის პროცესის ორგანიზებულად და გამჭვირვალედ ჩატარებას, ასევე ყურძნისეული პროდუქტების მიკვლევადობას. პროგრამა უკვე დასრულდა კახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. ღვინის ეროვნული სააგენტო საქართველოს ვენახების კადასტრის პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს.

გააზიარე