სამუშაოს მაძიებლებსა და დამსაქმებელთათვის შეხვედრა გაიმართა

20 ნოემბერი, 2018

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ელზა ჯგერენაიამ საჯარო და კერძო სექტორთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები და სხვა დაინტერესებული პირები. ელზა ჯგერენაიამ ვრცლად ისაუბრა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დასაქმების ბაზაში (worknet.gov.ge) რეგისტრაციის შესახებ, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შემოთავაზებულ სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაზე, რომლის მიზანია დასაქმების ხელშეწყობა და კონკურენტუნარიანობის გაზრდა შრომის ბაზარზე. Worknet.gov.ge არის ვებ-პორტალი, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს შრომის ბაზრის ორ სუბიექტს, სამუშაოს მაძიებელსა და დამსაქმებელს. იგი კერძო დამსაქმებელს საშუალებას აძლევს მარტივად, სწრაფად და უფასოდ მოიძიოს ინფორმაცია სასურველი ადამიანური რესურსების შესახებ მთელი ქვეყნის მასშტაბით. პორტალზე კერძო დამსაქმებელს დამოუკიდებლად შეუძლია შექმნას და მართოს საკუთარი გვერდი, გამოაქვეყნოს კომპანიაში არსებული ვაკანსია, იხილოს გამოქვეყნებული ვაკანსიის მოთხოვნების შესაბამისად სისტემის მიერ ავტომატურად შერჩეული სამუშაოს მაძიებლების პროფილები და სურვილის შემთხვევაში დაუკავშირდეს მათ. მომზადება- გადამზადების სახელმწიფო პროგრამა სამუშაოს მაძიებლებსა და ახალი პროფესიის შესწავლის მსურველებს შესაძლებლობას აძლევს გადამზადდნენ მათთვის სასურველ პროფესიაში, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტო მათ აწვდის ინფორმაციას შრომით ბაზარზე ყველაზე მეტად მოთხოვნადი პროფესიების შესახებ, რაც ზრდის მათი სწორად გადამზადებისა და სამუშაოს მოძიების შესაძლებლობას. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.

 

გააზიარე