მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამა

  1. მუხლი 11. მოსახლეობის სამედიცინო დახმარება- დადგენილება №2

    1. მოსახლეობის სამედიცინო დახმარების პროგრამა ითვალისწინებს იმ პირების სამედიცინო მომსახურების  დაფინანსებას ან თანადაფინანსებას, რაც არ ფინანსდება ან/და ნაწილობრივ ფინანსდება სჯდსპ-ით ან/და კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ.

    2. სამედიცინო მომსახურების ღონისძიებების დაფინანსება პაციენტის დაუფინანსებელ წილში განისაზღვროს:

    ა) 200 ლარამდე ღირებულების შემთხვევაში – 50-დან 100 %-მდე;

    ბ) 201-დან 1000-ლარამდე ღირებულების შემთხვევაში – 20-დან 40%-მდე ოდენობით;

    გ) 1001-დან 2000-ლარამდე ღირებულების შემთხვევაში – 20%-დან 40%-მდე ოდენობით;

    დ) 2001-ლარიდან ზემოთ ღირებულების შემთხვევაში – 20-დან 40%-მდე ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა.

    3. სოციალურად დაუცველი პირებისთვის, რომელთაც მინიჭებული აქვთ სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულა არაუმეტეს 100 000-ისა, 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანებისათვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სამედიცინო მომსახურების ღონისძიებების დაფინანსება პაციენტის დაუფინანსებელ წილში განისაზღვროს მომსახურების ღირებულების 30%-დან  60 %-მდე ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა.

    4. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისათვის სამედიცინო მომსახურების ღონისძიებების დაფინანსება პაციენტის დაუფინანსებელ წილში განისაზღვროს მომსახურების ღირებულების 30%-დან  60 %-მდე ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა.

    5. ბენეფიციარმა თვითონ ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

    ა) განცხადება მერის სახელზე:

    ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

    გ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100;

    დ) ანგარიშფაქტურა:

    ე) საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

    ვ) კალკულაცია;

    ზ) სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების შემთხვევაში, მიმართვა საყოველთაო ჯანდაცვიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან მათ მიერ დაფინანსებული თანხის მითითებით;

    თ) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა;

    ი) დაბადების მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში).

    6. ამ პროგრამით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარები, მათ შორის, იძულებით გადაადგილებული პირები.

    7. მერი, მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზე ბენეფიციარზე გასცემს საგარანტიო წერილს.

    8. საგარანტიო წერილის მოქმედების ვადა განისაზღვრება  30 კალენდარული დღით.

    9. საგარანტიო წერილის გაცემა მოხდება სამედიცინო მომსახურების გაწევამდე.

    10. ბენეფიციარი და დაწესებულება ვალდებულია დაწესებულების საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის მიზნით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგინოს ფინანსური დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პაციენტის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურება.

    11. წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხს აგებს დოკუმენტის გამცემი.

    12. ამ პროგრამით არ დაფინანსდება:

    ა) სანატორიულ-კურორტული მომსახურება;

    ბ) ესთეტიკური ქირურგია, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული.

 

 

Share page