საინფორმაციო სახის შეხვედრა ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან

6 April, 2023

 დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძემ და მევენახეობის კადასტრის სამმართველოს უფროსმა დავით მაღრაძემ მერის წარმომადგენლებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის მოადგილე ვალერი თოდუა და მერიის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი გია ცირამუა. შეხვედრაზე ვენახების ეროვნული კადასტრის პროგრამა განიხილეს. ვენახების კადასტრი მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების და ხარისხიანი ღვინის წარმოების ხელშეწყობის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. იგი უზრუნველყოფს რთველის პროცესის ორგანიზებულად და გამჭვირვალედ ჩატარებას, ასევე ყურძნისეული პროდუქტების მიკვლევადობას. ვენახების კადასტრი იქმნება თითოეული ვენახის ნაკვეთის რეგისტრაციით და მოიცავს ვენახში არსებულ ვაზის ჯიშებს, დარგვის თარიღს, ვენახის მდგომარეობას და ა.შ. ინფორმაციის შეკრება ხდება საველე პირობებში, მევენახეების გამოკითხვით და აერო-ფოტოებზე გამოხატული ვენახის ნაკვეთების იდენტიფიკაციით. 2023 წელს, პროგრამა იმერეთის, სამეგრელოს და გურიის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელდება, რითაც სრულად მოიცავს საქართველოს მევენახეობის რეგიონებს. პროგრამა უკვე დასრულდა კახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, სადაც ჯამში, აღწერილია 45 312 ჰა ფართობის ვენახები. ღვინის ეროვნული სააგენტო საქართველოს ვენახების კადასტრის პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს. ვენახების კადასტრი აქვს ევროკავშირის წევრ ყველა იმ ქვეყანას, სადაც მევენახეობა-მეღვინეობის ინდუსტრია განვითარებული.

 

Share page