საგრანტო პროგრამაზე 2023 წლის ბიზნესიდეების მიღება 3 აპრილიდან დაიწყება

22 March, 2023

საგრანტო პროგრამაზე 2023 წლის ბიზნესიდეების მიღება 3 აპრილიდან დაიწყება. პროგრამის პირობებსა და მასში მონაწილეობის კრიტერიუმებზე საინფორმაციო შეხვედრა დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მენეჯერმა გიორგი კვარაცხელიამ ჩხოროწყუს ისტორიულ მუზეუმში დაინტერესებულ პირებთან გამართა. სახელმწიფო პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნება ნებისმიერ სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც სურს საკუთარი ბიზნესიდეის წარმატებულ საქმიანობად გარდაქმნა, ან არსებული ბიზნესის გაფართოება. გრანტის მაქსიმალური მოცულობა 30 000 ლარს შეადგენს. მეწარმის მხრიდან განსახორციელებელი თანამონაწილეობის თანხა შეადგენს გრანტის თანხის არანაკლებ 20%-ს, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში არანაკლებ 10%-ს. არსებული ბენეფიციარის შემთხვევაში, ბენეფიციარის თანამონაწილეობა გრანტის თანხის არანაკლებ 50%-ით, მაღალმთიან დასახლებებში კი, არანაკლებ 25%-ით განისაზღვრა. აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის მიზანია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებისთვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის, ბიზნესის წამოწყებისათვის ან/და არსებულის გადაიარაღებისათვის აუცილებელი ფინანსური მხარდაჭერა და ტექნიკური დახმარება.

 

Share page