თათბირი მერის წარმომადგენლებთან

26 January, 2022

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მერის წარმომადგენლებთან მორიგი თათბირი გამართა. თათბირს ასევე მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი კახა შელია, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე კობა ჯიქია და ჩხოროწყუს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნინო ჯომიდავა ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ჩხოროწყუში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილეს. ჯანდაცვის ცენტრის უფროსმა აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც მთელს ქვეყანაში, ფიქსირდება ინფიცირების შემთხვევების ზრდა. ნინო ჯომიდავამ მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა და ხაზი გაუსვა ხალხმრავალი შეკრებების, სოციალური ღონისძიებების აკრძალვისა და COVID-19-ის გავრცელების შენელების პროცესში სოციალური დისტანციის დაცვისა და პირბადის გამოყენების აუცილებლობას. აღინიშნა, რომ 50 წლის ასაკის ზემოთ კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინით აცრაზე 200-ლარიანი წახალისება თებერვლის განმავლობაშიც გაგრძელდება, ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები ე.წ ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ. მერმა წარმომადგენლებს დაავალა მოსახლეობას მაქსიმალურად გააცნონ ინფორმაცია ვაქცინაციის წახალისების პროგრამის თაობაზე. დათო გოგუამ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისგან დეტალურად მიიღო ინფორმაცია სოფლებში არსებულ საჭიროებებზე. შეხვედრაზე ასევე განიხილეს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა,მერიაში მოქმედი სოციალური პროგრამები და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ასევე სხვა მიმდინარე საკითხები განიხილეს.

 

Share page