სოფლებს მობილური მანქანა-ლაბორატორია მოემსახურება
აზიური ფაროსანასა და სხვა მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დასაცავად დღეიდან დასავლეთ საქართველოს სოფლებს სურსათის ეროვნული სააგენტოს მობილური მანქანა-ლაბორატორია მოემსახურება. მოძრავი ლაბორატორია აღჭურვილია საველე სამუშაოებისათვის საჭირო უახლესი თანამედროვე აპარატურითა და ხელსაწყოებით. მობილური ლაბორატორიის მეშვეობით ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება, ადგილზე შეამოწმოს მცენარეების ნიმუშები და მავნებლების ან სხვა დაავადებების აღმოჩენის შემთხვევაში, სააგენტოს ფიტოსანიტარი სპეციალისტებისგან მიიღოს რეკომენდაციები საკარმიდამო ნაკვეთებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. ადგილობრივი მოსახლეობისათვის მოქმედებს სატელეფონო გზავნილების სისტემა, რომლის მეშვეობითაც მათ მიაწვდიან ინფორმაციას მცენარეთა დაავადებების შესახებ და გაუწევენ კვალიფიციურ კონსულტაციას, რა პრეპარატებით ებრძოლონ ამა თუ იმ დაავადებას. დღეს გასვლითი შეხვედრები გაიმართა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფლებში (კირცხი, ქვედა ჩხოროწყუ, ლესიჭინე), რომელშიც ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის წევრებთან ერთად ჩართული იყვნენ მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა,მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ადგილზე შემოწმდა მოსახლეობის მიერ მოტანილი ხილ-ბოსტნეულის ნიმუშები და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები. საინფორმაციო შეხვედრების მიზანია მცენარეთა მავნე ორგანიზმების საწინააღმდეგო ფიტოსანიტარიული ზომების მიღება და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვის სისტემის გაძლიერება.