მუნიციპალიტეტში უფასო სამედიცინო გამოკვლევები მიმდინარეობს
დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალერი თოდუა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი კახა შელია სოფელ ქვედა ჩხოროწყუში სამედიცინო გამოკვლევების მიმდინარეობას გაეცნენ. აღნიშნულ სოფელში, მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევებს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ახორციელებს. ადგილობრივებს სხვადასხვა პროფილის მოწვეული ექიმები ემსახურებიან. აქცია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და საქართველოს წითელი ჯვრის ჩხოროწყუს ფილიალის ხელმძღვანელის - ხათუნა მიქავას ინიციატივით ხორციელდება. ჩხოროწყუს მერიასა და წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, მერია და წითელი ჯვრის საზოგადოება ახორციელებენ ერთობლივ პროგრამას და მჭიდროდ თანამშრომლებენ ჰუმანიტარული საქმიანობისა და კატასტროფების მართვის სფეროში ჯანდაცვასა და სოციალური მიმართულებით. სამედიცინო გამოკვლევები ხვალ, 25 მაისს სოფელ მუხურში, ხოლო 26 მაისს სოფელ ზუმში ჩატარდება. აღნიშნული აქცია პერიოდულად ტარდება და ყველა სოფელს მოიცავს.