უფასო სამედიცინო გამოკვლევები გრძელდება
მოსახლეობის უფასო სამედიცინო გამოკვლევები მუნიციპალიტეტის სოფლებში გრძელდება. დღეს მუნიციპალიტეტის მერი გამოკვლევების მიმდინარეობას სოფელ მუხურში გაეცნო, შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათი საჭიროებებით დაინტარესდა. აღნიშნულ სოფელში, მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევებს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ახორციელებს. ადგილობრივებს სხვადასხვა პროფილის მოწვეული ექიმები ემსახურებიან. აქცია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და საქართველოს წითელი ჯვრის ჩხოროწყუს ფილიალის ხელმძღვანელის - ხათუნა მიქავას ინიციატივით ხორციელდება. ჩხოროწყუს მერიასა და წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, მერია და წითელი ჯვრის საზოგადოება ახორციელებენ ერთობლივ პროგრამას და მჭიდროდ თანამშრომლებენ ჰუმანიტარული საქმიანობისა და კატასტროფების მართვის სფეროში ჯანდაცვასა და სოციალური მიმართულებით. სამედიცინო გამოკვლევები ხვალ, 26 მაისს, სოფელ ზუმში ჩატარდება. აღნიშნული აქცია პერიოდულად ტარდება და ყველა სოფელს მოიცავს.