ვიდეო კონფერენცია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან“ დაკავშირებით, მუნიციპალიტეტების იმ წარმომადგენლებისთვის, რომლებმაც პროგრამის განხორციელება რეგიონებში უნდა უზრუნველყონ, პირველი ვიდეო კონფერენცია გაიმართა.
ვიდეო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სამინისტროს სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებმა და გურიის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის გუბერნიებში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მოქმედება 2019 წლის 1 იანვრიდან ახლებური სახით აღდგა. პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა მოსახლეობის მიერ ხდება და შერჩევის პროცესი უნდა დასრულდეს 2019 წლის 1 მარტამდე. იმ შემთხვევაში, თუ სოფელი ვერ მოახერხებს შეთანხმებას დასაფინანსებელ პროექტებზე, პროგრამით გათვალისწინებული თანხა ბრუნდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში (რეგფონდში) და მოხმარდება ისევ რეგიონის საჭიროებებს. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ მუნიციპალიტეტებში 5 ათასიდან 10 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის (რეგფონდის) ქვეკომპონენტი იქნება და მისი ოდენობა 20 მილიონი ლარით განისაზღვრება.
პროგრამისთვის პროექტები შეირჩევა უშუალოდ მოსახლეობის გადაწყვეტილებით დასახლებებში გამართულ საერთო კრებების სხდომებზე. პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები განსაზღვრულია და მათ შორისაა - სასმელი წყლის და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების მოწესრიგება; ნაპირსამაგრი სამუშაოები; გზების და ხიდების მოწესრიგება; გარე განათების, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის, კულტურის ობიექტების, სპორტულ ინფრასტრუქტურის, მოედნებსა და სკვერების მოწყობა და სხვა. სოფლებში პროექტების შესარჩევად სოფლის კრებების ჩატარებას სწორედ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა უნდა შეუწყონ ხელი. კრებების ჩატარებასთან, კრების გადაწყვეტილების სწორად გაფორმებასთან და საკრებულოში წარდგენასთან დაკავშირებული პროცედურებისა და ვადების შესახებ ინფორმაცია მათ ვიდეო კონფერენციისას მიაწოდეს.
სოფლის კრებები თებერვლის ბოლომდე ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება.