სოფელ ლესჭინეში უფასო სამედიცინო გამოკვლევები მიმდინარეობს
დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის მოადგილე ვალერი თოდუასთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ჯიქიასთან და სოფლის დეპუტატ მამუკა ფიჩხაიასთან ერთად, სოფელ ლესიჭინეში, სამედიცინო გამოკვლევების მიმდინარეობის პროცესს დაესწრო. აღნიშნულ სოფელში, მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევებს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ახორციელებს. ადგილობრივებს , 3 დღის განმავლობაში, შესაძლებლობა ექნებათ ჩაიტარონ საჭირო გამოკვლევები. მათ სხვადასხვა პროფილის მოწვეული ექიმები მოემსახურებათ. გამოკვლევები სოფელ ლესიჭინეს #2 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს. აქცია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და საქართველოს წითელი ჯვრის ჩხოროწყუს ფილიალის ხელმძღვანელ ხათუნა მიქავას ინიციატივით ხორციელდება. ჩხოროწყუს მერსა და წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, მერია და წითელი ჯვრის საზოგადოება ახორციელებენ ერთობლივ პროგრამას და მჭიდროდ თანამშრომლებენ ჰუმანიტარული საქმიანობისა და კატასტროფების მართვის სფეროში ჯანდაცვასა და სოციალური მიმართულებით. სამედიცინო გამოკვლევები პერიოდულად მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც ჩატარდება.