დათო გოგუამ მერის წარმომადგენლებთან მორიგი თათბირი გამართა

1 May, 2018

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან მორიგი თათბირი გამართა. თათბირს ასევე ესწრებოდნენ მერის მოადგილე ვალერი თოდუა და მერიის სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსი გია ცირამუა. მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, 2 მაისიდან საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციისა და მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ტარდება ,,მოყვარულთა თასი 2018“ -ის ჩხოროწყუს შესარჩევი ტური დიდ ფეხბურთში. თასისი გათამაშებაში ჩართულია 11 ადგილობრივი გუნდი. მუნიციპალიტეტმა თითოეული მონაწილე გუნდისათვის შეიძინა ფორმები, რომელიც დღეს შესაბამისი სოფლების წარმომადგენლებს გადაეცა. თათბირზე განიხილეს სოფლებში ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებები. გია ცირამუას განცხადებით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ფერომონების დამონტაჟება, უახლოეს დღეებში კი დაიწყება თერმული ნისლით შეწამვლა. მავნებლის საწინააღმდეგო კომპლექსური მოქმედებისთვის ყველა რესურსია მობილიზებული და იგი, თანმიმდევრულად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყველგან განხორციელდება. მერის მოადგილე ვალერი თოდუამ წარმომადგენლებს გააცნო ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ღონისძიებები. 9 მაისს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა ომის ვეტერანებს სახლში ესტუმრება და მიულოცავს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. ასევე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები გვირგვინით შეამკობენ ომში დაღუპულთა ობელისკს. მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ოთხივე ვეტერანს ადგ.ბიუჯეტიდან გადაეცემა თანხა, თითოეულს 1000 ლარის ოდენობით. მუნიციპალიტეტის მერმა გააკეთა ასევე განცხადება თამბაქოს აკრძალვასთან დაკავშირებით. დღეიდან ძალაში შევიდა კანონი, რომლის საფუძველზეც შენობა-ნაგებობების უმეტესობაში თამბაქოს მოწევა აიკრძალა. თათბირზე სხვა მიმდინარე საკითხებიც განიხილეს.

 

Share page