,,ჩხოროწყუობა –2017“

4 November, 2017

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახალხო ზეიმი ,,ჩხოროწყუობა –2017“ აღინიშნა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მოსახლეობას სახალხო დღესასწაული მიულოცეს და მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 9 „საპატიო ჩხოროწყუელი“ დააჯილდოვეს. საპატიო ჩხოროწყუელი, მაშველი – ბესიკ გაბიანი გახდა, რომელმაც 2017 წლის 5 ივლისს, სტიქიის შედეგად ადიდებული მდინარე ხობისწყლიდან, 2 ადგილობრივი გამოიყვანა,ასევე,საპატიო ჩხოროწყუელის წოდება მიენიჭათ: თეონა ცირამუას, (გორის ქალთა კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი, წარმოშობით ჩხოროწყუელი); ჯემალ შენგელიას, ( ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოღას საჯარო სკოლის დირექტორი); ნაპოლეონ ლემონჯავას, (ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აფხაზეთისა და ფაზისის აკადემიის აკადემიკოსი, წარმოშობით ჩხოროწყუელი); ნუნუ ქებურიას, ( კულტურის დამსახურებული თანამშრომელი, შრომის ვეტერანი, პენსიონერი); გურამ თოდუას, (ღვაწლმოსილი თანამშრომელი, შრომის ვეტერანი, პენსიონერი, ვეტერანთა რაიონული საზოგადოების თავმჯდომარე;) გერონტი მამფორიას ( ა(ა)იპ კომპლექსური სასპორტო სკოლის დირექტორი, მწვრთნელი;) გურამ მალანიას (მხატვარი, კულტურის დამსახურებული თანამშრომელი, შრომის ვეტერანი;) შაჰან თოდუას , ( განათლების სისტემის ღვაწლმოსილი თანამშრომელი, შრომის ვეტერანი, პენსიონერი); ხელისუფლების წარმომადგენლებმა საზეიმო ვითარებაში გახსნეს სოფელ ხაბუმეში,(მოიდანახეს უბანი) ახალი საბავშვო ბაღი. დილიდან მუნიციპალიტეტის ცენტრში გაიმართა სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება. ჩატარდა კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით. მუნიციპალიტეტის გამგეობამ და საკრებულომ, ადმინისტრაციულმა ერთეულებმა, სხვადასხვა ორგანიზაციამ, საჯარო სკოლებმა, საბავშვო ბაღებმა მეგრული ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კუთხეები მოაწყვეს. წარმოდგენილი იყო მეგრული სამზარეულო. ასევე, ღონისძიებაზე წარმოდგენილ იქნა ხელოვანთა ნამუშევარების გამოფენა-გაყიდვა.

სპორტული ღონისძიებები ჩატარდა ქართულ ჭიდაობაში, ჩოგბურთში, ბლიც ჭადრაკში, ქართულ ნარში . გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ დოპლომებით, მედლებით და ფულადი პრიზებით. საზეიმო ღონისძიებებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე მუხრან შამათავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ,რომლებმაც მოსახლეობასთან ერთად სახალხო სეირნობაში მიიღეს მონაწილეობა. ამ წუთებში გორის ქალთა კამერული გუნდისა და ანსამბლ ,,კავკასიონის“ მონაწილეობით, გალაკონცერტი მიმდინარეობს. ,,ჩხოროწყუობა –2017 ’’ გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

 

 

Share page