„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქალაქ ჩხოროწყუს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის" საჯარო განხილვა

20 ნოემბერი, 2019

       2019 წლის 3 ივნისს ძალაში შევიდა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის (შემდგომში: კოდექსი) ძირითადი ნაწილი, აგრეთვე, კოდექსის საფუძველზე მიღებული საქართველოს მთავრობის დადგენილებები, მათ შორის, „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილება და „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის  №261 დადგენილება.

     კოდექსის 141-ე მულხის 11-ე ნაწილის საფუძველზე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დაბა ჩხოროწყუს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ მოქმედ კანონმდებლობასთან მორგების მიზნით, გეგმაში შეტანილ იქნა ცვლილებები და   მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება მისი განხილვისა და დამტკიცების მიზნით.

   „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დაბა ჩხოროწყუს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ აღნიშნული გეგმა, მისი დანიშნულებიდან და შინაარსიდან გამომდინარე, შეესაბამება კოდექსით გათვალისწინებულ  გენერალური გეგმას, ხოლო ნაწილობრივ განაშენიანების გეგმას.

   ამ ეტაპზე  „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დაბა ჩხოროწყუს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა განხორციელდა არსებითი ცვლილებების გარეშე, კერძოდ, ცვლილებები არ ეხება დაგეგმვის კონცეფციას (არ იზრდება ჯამური განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი, სართულიანობა და საცხოვრებელი ფონდის სიმჭიდროვე). 

საჯარო განხილვა მიმდინარეობს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიაში, ელექტრონული ფორმით.

ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის პროექტთან დაკავშირებით მოსაზრებების და შენიშვნების წარდგენა შესაძლებელია 2019 წლის 20 ნოემბრამდე, ელექტონული ფოსტის მეშვეობით. ელ.ფოსტის მისამართი: info.gamgeoba@gmail.com.

გააზიარე