მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

7 მარტი, 2018

დღეს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა სოფელ ქვედა ჩხოროწყუში, კირცხსა და ლეწურწუმეში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი მათ პრობლემებსა და საჭიროებებს გაეცნო. მოსახლეობამ სოფლებში პრიორიტეტად სკოლის, გზის, სანიაღვრე არხების, ხიდ–ბოგირების, ნაპირსამაგრი ჯებირების რეაბილიტაცია, გარე განათებისა და სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა დაასახელა. დათო გოგუამ ადგილობრივებს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში ჩააბარა და მათ სამოქმედო გეგმა გააცნო. მერმა აღნიშნა, რომ სოფელ კირცხში, მდინარე ხობისწყალზე, ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს, სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ასრულებს. აღნიშნულ ტერიტორიაზე 2017 წლის 12 ივნისის სტიქიის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა ძველი ხიდი, რამაც მისი დემონტაჟი და ახალი ხიდის მშენებლობა განაპირობა. სოფელ კირცხში იგეგმება საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. ამავე სოფელში ,თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა 50 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება აშენდა ასევე სოფელ ქვედა ჩხოროწყუში. უახლოეს პერიოდში დაიწყება ნაკიფუ–ლეწურწუმე–ჩხოროწყუს საავტომობილო გზის ასფალტო–ბეტონის საფარით რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულია ტენდერი. პროექტი ფინანსდება 2 396 069 ლარით. იგეგმება დაბა ჩხოროწყუდან , ქვედა ჩხოროწყუს გავლით, სოფელ ოჩხომურამდე 7 კმ.– იანი გზის რეაბილიტაცია. შეხვედრა მოსახლეობასთან მერის მრჩეველთა საბჭოს ინიციატივითა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების, ასევე, სოფლის მაჟორიტარი დეპუტატების ორგანიზებით იმართება.

 

გააზიარე