ლესიჭინეს მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

18 ივნისი, 2019

დღეს ლესიჭინეს ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. შეხვედრის მონაწილეებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი ანა ცანავა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოსთან თანამშრომლობის ძირითად ასპექტებზე, ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ესაუბრა. შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ისთვის „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი“ გაცემული დახმარების ფარგლებში დაგეგმილი პროექტის ფარგლებში გაიმართა. 18 თვიანი პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაძლიერდა და გაფართოვდა საინფორმაციო ცენტრის რეგიონალური ბიუროები. პროექტის მეორე კომპონენტი მოიცავს რეგიონალური მედია ორგანიზაციების საშუალებებით საქართველოს რეგიონებში აღნიშნული თემების აქტიურ მედია-გაშუქებას. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც საინფორმაციო ცენტრმა ანტიდასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის სწორად ინფორმირებულობის და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო. პროექტის ფარგლებში შეხვედრები, მრგვალი მაგიდის დისკუსიები და სემინარები იმართება რეგიონის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან და მუნიციპალიტეტების მერიებში.

გააზიარე