გამგებელთან პროექტი ,,ცვლილებების ტალღა“ განიხილეს

18 აგვისტო, 2017

დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა პროექტ ,,ცვლილებების ტალღის“ კოორდინატორ მარიამ ჩიქოვანს შეხვდა. შეხვედრაზე პროექტის ფარგლებში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრეს. პროექტი ,,ცვლილებების ტალღა“ მიზნად ისახავს ბულინგის შესახებ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას, რაც მოიაზრებს მათ მიერ ამ პრობლემის სიმწვავის აღქმას და შესაძლო შედეგებზე დაფიქრებას. პროექტი მოიცავს მოზარდებისთვის ინფორმაციის მიწოდებას არაძალადობრივი კომუნიკაციის, ტოლერანტული გარემოსა შესახებ ისეთი მეთოდების გამოყენებით, როგორიცაა სიმულაციური მეთოდები, სიტუაციური ამოცანები, ვიზუალური მასალები და თემატური ფილმის ჩვენება. პროექტის ფარგლებში სოფელ ზუმისა და სოფელ მუხურის #1 საჯარო სკოლების მე–9, მე–10 კლასის მოსწავლეებს 8 და 9 სექტემბერს ჩაუტარდებათ ტრენინგი ბულინგის თემატიკაზე, მიღებული ცოდნის გამოვლენის მიზნით კი, ჩატარდება ესეების კონკურსი. კომპეტენტური ჟიურის მიერ გამოვლენილი გამარჯვებულებისთვის პრიზებს, პროექტის ორგანიზატორებთან ერთად, მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა დააწესებს და დააჯილდოვებს მათ.

 

გააზიარე