გიორგი ხანიშვილი ჩხოროწყუში მეთხილე ფერმერებს შეხვდა

12 August, 2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა,რომელმაც სოფელ ლესიჭინეში მუნიციპალიტეტის მერ დათო გოგუასთან,საქართველოს პარლამენტის წევრ ჯუმბერ იზორიასთან, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასიასთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად მეთხილე ფერმერების პლანტაციები დაათვალიერა და მოსავლის აღების პროცესს გაეცნო. გიორგი ხანიშვილი წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებშიც იმყოფებოდა.  „გვაქვს მოლოდინი, რომ ფერმერები წელსაც მაღალი ხარისხის, შარშანდელზე უკეთეს მოსავალს მიიღებენ. დასავლეთ საქართველოში თხილი ბევრი ოჯახისთვის შემოსავლის ძირითადი წყაროა, ამავე დროს, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია. ამის გათვალისწინებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა თხილის გადარჩენის კომპლექსური გეგმა, რომელიც სრულ ჯაჭვს - აზიურ ფაროსანასთან და სხვა დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებებს, ამ პროცესში ფერმერების აქტიურ ჩართულობას და თხილის სწორად მოვლის მიმართულებით ცოდნის ამაღლებას მოიცავს. წლევანდელი მაღალი ხარისხის მოსავალი გატარებული ღონისძიებებისა და კოორდინირებული მუშაობის შედეგია, რაც ფერმერების შემოსავლებსა და საექსპორტო მაჩვენებლების ზრდაზეც აისახება“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.  2019 წელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, „თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან“ ერთად, „თხილის გადარჩენის პროგრამა“ შეიმუშავა.  თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში 25 ათასამდე მეთხილე ფერმერია გაწევრიანებული. სახელმწიფომ ასოციაციას გადასცა 2500 სპეციალური შესაწამლი აგრეგატი, რითაც ფერმერები სარგებლობენ; ისინი თხილის მოვლის შესახებ რეკომენდაციებს 150 აგრონომ -კონსულტანტისაგან იღებენ, რაც მათ აგროსამუშაოების სწორად და დროულად ჩატარებაში ეხმარებათ.

 

Share page