შეხვედრა ფერმერებთან

10 August, 2019

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, გუბერნატორის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, ადგილობრივი ხელისუფლების და რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა დამსწრე საზოგადოებას სამეგრელოს რეგიონში ცენტრის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო. პრეზენტაციების დროს ყურადღება გამახვილდა მრავალწლოვანი და ერთწლოვანი კულტურების მავნებელ-დაავადებებსა და მათთან ბრძოლის მეთოდებზე. ასევე, ეცხოველეობაზე, მეფუტკრეობაზე, ვეტერინარია და საკვებწარმოებაზე, ჩაის კულტურის რეაბილიტაციაზე, რეგიონისთვის მიზანშეწონილი მრავალწლოვანი კულტურებისა და ვაზის სანერგეების მოწყობის შესაძლებლობებზე. შეხვედრაზე ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და ზუგდიდის შ. მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტს შორის, რომელიც ითვალისწინებს უნივერსიტეტის სტუდენტთა აქტიურ ჩართულობას აგრარული მიმართულების მრავალპროფილურ სამეცნიერო-პრაქტიკულ საქმიანობაში. ღონისძიების ფარგლებში შედგა ცენტრის მიერ მიღებული სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების გამოფენა, მათ შორის თუთის აბრეშუმხვიას სხვადასხვა ჯიშების აბრეშუმის პარკის, ხილისა და ყურძნის უშაქროდ მიღებული პროდუქტებისა და უალკოჰოლო სასმელების წარდგენა. გაიმართა ცენტრის მიერ მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე მიღებული თაფლის ნიმუშებისა და ჯიღაურას ვაზის საკოლექციო ვენახებიდან მეგრული ვაზის ჯიშების ყურძნისგან დამზადებული ღვინოების დეგუსტაცია.

Share page