,,ჩხოროწყუს ეტალონი მოსწავლე" გიორგი კვარაცხელია გახდა

4 April, 2018

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში ინტელექტ-ჩემპიონატი ,,ჩხოროწყუს ეტალონი მოსწავლე“ ჩატარდა. ღონისძიება არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო. ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა 2016-2017 სასწავლო წლის „ჩხოროწყუს ეტალონ მოსწავლეს“, მარიამ სოსელიას გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი პირადად გადასცა. ამასთან, მარიამის სკოლას - კირცხის N2 საჯარო სკოლას „ეტალონის“ ეგიდით, ლიტვის საელჩოსგან სპეციალური ალმანახი გადაეცა, პირადად ლიტვის ელჩის, გიედრიუს პუოჯუნასის ხელმოწერით. ჩემპიონატში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 68 მოსწავლე მონაწილეობდა. 2017-2018 სასწავლო წლის ,,ჩხოროწყუს ეტალონი მოსწავლე“, ხაბუმეს #3 საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლე გიორგი კვარაცხელია გახდა.(67 ქულა). მეორე ადგილი ახუთის #2 საჯარო სკოლის მოსწავლე ანა ხარებავამ, (62 ქულა), ხოლო მესამე ადგილი კირცხის #2 საჯარო სკოლის მოსწავლე თიკა ჯალაღონიამ (61 ქულა) დაიკავა. ღონისძიებას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა ,მერის მოადგილე ვალერი თოდუა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა, სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია გიორგი კვარაცხელიას ულოცავს ინტელექტუალურ კონკურსში გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს უსურვებს მას.

Share page