ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელმა საგანგებო თათბირი ჩაატარა

12 June, 2017

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ დღეს დილით მოსული ძლიერი წვიმით გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებით საგანგებო თათბირი გამართა, რომელსაც გამგებლის მოადგილეები გოჩა ჩიქოვანი და ვალერი თოდუა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ჯიქია და ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დათო გოგუამ მათთან ერთად დეტალურად განიხილა ყველა სოფელსა და უბანში შექმნილი პრობლემა და გაეცნო ამ წუთებში მიმდინარე სამუშაოებს. მან მადლობა გადაუხადა ყველა თანამშრომელს, ოპერატიულ რეჟიმში კოორდინირებულად მუშაობისთვის. შეგახსენებთ,რომ დღეს დილით მოსულმა ძლიერმა წვიმამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს ზიანი მიაყენა. ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარეები და ღელეები. ჩამორეცხილია შიდა საუბნო გზები, დატბორილია სათესი ყანები, მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები და ეზოები. დახოცილია შინაური ფრინველი და ცხოველი.დაზიანებულია ხიდები და ხიდ–ბოგირები. მდინარე ,,ზანას" ადიდების გამო მწყობრიდანაა გამოსული ჩხოროწყუ-ახუთის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი. ამ მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია. სოფელ ნაკიანში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად სოფლის ცენტრალურ გზაზე რამდენიმე საათით გადაადგილება შეფერხდა. აღნიშნულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები ოპერატიულად ჩატარდა, მოძრაობა ამ დროისთვის აღდგენილია. მობილიზებულია სპეც.ტექნიკა და გაგრძელდება შიდა საუბნო გზების გაწმენდა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში აღდგენილია ასევე აბონენტებისთვის ელექტოენერგიის მიწოდება. გამგებელი დათო გოგუა ,შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, მთელი დღის მანძილზე სტიქიის ადგილებში იმყოფებოდა და ეცნობოდა მუნიციპალიტეტში შექმნილ ვითარებას. გამგეობის სამსახურები საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას შეუძლია დაგვიკავშირდეს ცხელ ხაზზე: 599 85 65 77; 599 85 66 07;

 

Share page